ბლოგი

ქალების კუნთოვანი პოტენციალი - მითი თუ რეალობა?

რა რეაქცია გქონდა, როცა მეგობარ გოგოზე ან თუნდაც, სრულიად უცნობ ადამიანზე, გაიგე, რომ კარგა ხანია დარბაზში დადის? მეტიც, სიმძიმეების აწევაც კი შეუძლია.

ალბათ, პირველ რიგში, თვალწინ მოხდენილად დაკუნთული, ძლიერი გოგო წარმოგიდგა, არა?  ან, შეიძლება, ვცდები კიდეც, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ გოგონებმა რამდენიც არ უნდა ივარჯიშონ, როგორც არ უნდა მოიქანცნონ აზრი არ აქვს. იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ სხეულს არ შესწევ უნარი ისეთივე კუნთოვანი მასა ჰქონდეთ, როგორც მამაკაცებს.

საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში, ეს ყველაფერი მითია თუ რეალობა?

პირველი კითხვა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაგვიჩნდეს ისაა, თუ როგორია ქალების ბუნებრივი პოტენციალი სინამდვილეში:

შეუძლიათ ქალებს ისეთივე კუნთოვანი მასა ჰქონდეთ, როგორც მამაკაცებს?

ტრადიციული მიდგომებისა თუ საზოგადოებრივი ჩარჩოების ზეგავლენა სტატისტიკაში კარგად აისახება  და დასტურდება, რომ დღესდღეობით ქალებს მამაკაცებთან შედარებით გაცილებით უფრო ნაკლები კუნთოვანი მასა აქვთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის და დასკვნების გაკეთების საშუალებას ნაკლებად ან საერთოდ არ გვაძლევს.

2013 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 130 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, გენდერული ბალანსის სრული დაცვით, 65 ქალი და 65 მამაკაცი. ეს ადამიანები ერთი წლის განმავლობაში იკვებებოდნენ ჯანსაღად, ვარჯიშობდნენ რთი და იმავე პროგრამითა და თანაბარი დატვირთვით. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პროცენტულად ქალებმა და მამაკაცებმა ერთი წლის განმავლობაში თითქმის იდენტური რაოდენობის კუნთოვანი მასა შეიძინეს. მაშინ რა გამოდის? რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარ პირობებში ერთნაირი კუნთოვანი მასის შეძენის პოტენციალი აქვს, არა?

               ჰორმონები და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება.

ალბათ, უკვე ყველამ ვიცით, რომ ქალებსა და მამაკაცებს ჰორმონების სხვადასხვა მოცემულობები აქვთ. სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არ შეუძლიათ ქალებს დიდი კუნთოვანი მასა ჰქონდეთ.  

მაგალითად, ქალების სხეულში ტესტოსტერონის რაოდენობა 15-ჯერ უფრო დაბალია.  ტესტესტერონი - ანაბოლური ჰორმონია, რომელიც წარმართავს კუნთების ცილოვანი სინთეზის პროცესს და შესაბამისად ხელს უწყობს და წარმართავს მისი ზრდის პროცესს. მამაკაცების შემთხვევაში იგი დომინანტ როლს თამაშობს ამ პროცეში, ხოლო ქალებში მისი ისედაც შეზღუდული რაოდენობა სხვაგვარად ფუნქციონირებს და გარდამტეხ როლს ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესში იღებს.

ქალებში იგივე ანაბოლურ ფუნქციას - ადამიანის ზრდის ჰორმონი (იგივე სომატოტროფინი) - ასრულებს.   ქალის ორგანიზმს შესწევს უნარი, რომ გამოიმუშაოს და შეინახოს 3-ჯერ უფრო მეტი სომატოტროფინი, ვიდრე მამაკაცს, ხოლო სწორი ხელშეწყობითა და ვარჯიშით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, რომ იგი კუნთოვან მასაში სინთეზირდეს.

ამ თემაზე ლაპრაკისას ასევე მნიშვნელოვანია ვახსენო ესტროგენი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს მომატება-გახდომის პროცესში. ამ ჰორმონის დადებით თვისებებს შორისაა ის ფაქტი, რომ: მას აქვს უნარი დაიცვას კუნთი დაზიანებისგან და დააჩქაროს ენერგიის წარმოქმნის პროცესი, ქალებში იგი წამყვან როლს თამაშობს  კუნთოვაი ქსოვილის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. გარდა ამისა ხელს უშლის კუნთების დეგრადაციას, ამცირებს დაღლილობას, მატებს ძალას და კარგი შემაერთებელ-შემაკავშირებელია ქსოვილებისთვის.

სწორედ ეს ორი ჰორმონი - სიმატოტროფინი და ესტროგენი -  აბალანსებს და საერთოდ უმნიშვნელოს ხდის იმ ფაქტს, რომ ტესტესტერონის დონე ქალებსა და მამაკაცებში სრულიად სხვადასხვა დონეზეა. ამ ყველაფრის შედეგად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰორმონების მხრივ სხვაობა არ ნიშნავს იმას, რომ სქესის გამო, ვინმეს კუნთოვანი მასის შეძენის განსხვავებულ პოტენციალი აქვს. 

               სხეულის თავდაპირველი მდგომარეობა სქესის მიხედვით 

ჰორმონების განსხავებულ მოცემულობებთან ერთად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ როდესაც ვარჯიშს ვიწყებთ, ადამიანის ფიზიკური მონაცემები ხშირ შემთხვევაში, თავდაპირველ მდგომარეობაში, სქესის მიხედვით განსხვავებულია. ქალებს ბუნებრივად ნაკლები კუნთოვანი მასა და მეტი ცხიმი აქვს, ვიდრე მამაკაცებს. ამ ფაქტს კი ხშირად იმის არგუმენტად იყენებენ, რომ ქალებს არ შეუძლია მამაკაცებივით კუნთები დაიყენონ.   

ცხიმოვანი ქსოვილი, რომლის ნორმა მამაკაცის ორგანიზმში 10-13%, ხოლო ქალის ორგანიზმში 20-25%-ია, მეტაბოლურად აქტიური წარმონაქმნია, რომელიც კონტროლირდება ნეიროენდოკრინული  სისტემის მიერ. სინამდვილეში, ქალების „ზედმეტი“ და განსხვავებული ცხიმოვანი მასა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ამ ცხიმების დაახლოებით 12 პროცენტი სხეულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ჰორმონალური დისბალანსი, კარდიოვასკულარული და მეტაბოლური ჯანმრთელობის დარღვევა, ხოლო მამაკაცების შემხთვევაში ამ შედეგის მიღება მხოლოდ 3 პროცენტის ხარჯზეა შესაძლებელი. ცხიმოვანი მასის აუცილებელი ნაწილის დაკარგვა არ შეიძლება , რადგან ის გარს აკრავს და იცავს ჩვენს ორგანოებსა და ნერვულ ქსოვილებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიურ ეფექტს გამოიწვევს.

აღნიშნული მიზეზების გამო აქვს ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვაგვარი საწყისი მონაცემები ვარჯიშის დაწყებისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს პროცენტულად, თანაბარ პირობებში, ზუსტად იმავე რაოდენობის კუნთოვანი მასის შეძენა არ შეუძლია, როგორც მამაკაცებს.

               დნმ-ს მნიშვნელობა კუნთოვანი მასის განვითარების პროცესში.

 შეუძლია კი დნმ-ს რაიმე გავლენა მოახდინოს კუნთების ზომაზე? მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, დიახ, ნამდვილად შეუძლია.

ამ თემაზე ბევრი კვლევა ჩატარდა, რომ როგორმე გაერკვიათ და დაედგინათ არსებობს თუ არა გენები, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს და გააუმჯობებოს ქალის სხეულში კუნთოვანი მასის ზრდის პროცესი. კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ხელთ არსებული შედეგების თანახმად ნამდვილად არსებობს რიგი გენები, მაგალითად, ACTN3  გენოტიპი, რომელიც პასუხისმგებელია ძალისმიერ ქმედებებზე და შესწევს უნარი გააუმჯობესოს ორგანიზმის მიმღებლობა და მზაობა ახალ-ახალი კუნთოვანი ქსოვილების ათვისების პროცესში.

 გენებზე ლაპარაკისას, ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი გენეტიკური მოვლენა, AIS (იგივე მორისის სინდრომი), რომლის დროსაც Y ქრომოსომის მქონე ინდივიდი ფენოტიპურად ქალია, ტესტოსტერონისადმი რეზისტენტობის გამო. ამ სინდრომის მქონე ქალები განსაკუთრებული სიძლიერითა და დიდი კუნთოვანი მასით გამოირჩევიან.

მარტივად, რომ ვთქვათ, ის ქალები, რომელიც ზემოაღნიშნული გენისა თუ  AIS-მატარებელია შეძლებს, ვარჯიშის შედგად, კუნთოვან მასა გაცილებით უფრო მალე და ეფექტურად გაზარდოს, ვიდრე ის მამაკაცები, ვინც ამ გენის მატარებელი საერთოდ არ არის. 

               სხეულის სამი ფორმა

ქალების კუნთოვან პოტენციალზე ისე ვერ ვილაპრაკებთ, თუ სხეულის 3 ძირითად ფორმას არ განვიხილავთ, რომელიც მერიკელმა ფსიქოლოგმა, უილიამ შელდონმა, ჩამოაყალიბა და რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ქმნის საფუძველს ჩვენი აღნაგობის ჩამოყალიბებისა თუ გაუმჯობესების პროცესში.

სხეულის აგებულების კომპონენტების გამოსაყოფად შელდონმა ასეთი მეთოდი გამოიყენა: 4000 სტუდენტს  გადაუღო სურათი ზურგიდან, ანფასსა და პროფილში. ამ ფოტოების დათვალიერების, დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად მან სხეულის აგებულების უკიდურესი 3 ვარიანტი აღმოაჩინა, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

1. ენდომორფული- რომელიც ხასიათდებოდა მრგვალი ფორმებით; დიდი მუცლით, ცხიმებით მხრებისა და თეძოს არეში. მრგვალი თავით; დიდი შინაგანი ორგანოებით; მოდუნებული ხელ-ფეხით; ცუდად განვითარებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემით.

მ აღნაგობის მქონე ქალები, ჩვეულებრივ, სიმსქუნით ხასიათდებიან. 

2. მეზომორფული - განიერი მხარ-ბეჭი, დაკუნთული ხელ-ფეხით და კანქვეშა ცხიმის მინიმალური რაოდენობით ხასიათდება. ამ ტიპის ადამიანებზე შელდონმა ისიც კი თქვა, რომ მათი გარეგნული მონაცები დამთრგუნველად ძლიერია.

3. ექტომორფული -კიდურესი სიგამხდრით, მაღალი შუბლით, ვიწრო მხარ-ბეჭით და გულმკერდით, წვრილი და გრძელი ხელ- ფეხითა და სუსტად განვითარებული კუნთებით ხასიათდება. 

ქალების განსხვავებული სომატოტიპები შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, როცა საქმე კუნთოვანი მასის ზრდის პოტენციალს არ ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ ჩვენი ბუნებრივი აღნაგობა დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში, მაგალითად, მეზომორფს ვარჯიშის შედეგად სწრაფად შეუძლია შედეგი დაინახოს. იგრძნოს ძალის მატება და კუნთოვანი მასის ზრდა, მაშინ როცა ექტომორფი ქალი უფრო სწრაფად ცდის და ამჩნევს მოქნილობისა და მოტორიკის გაუმჯობესებას, მაგრამ არა კუნთოვანი მასის.

 მიუხედავად ყველაფრისა, ქალების სხეულის მიკუთვნებულობობისა მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არავინ არის დაბადებიდანვე „განწირული ამა თუ იმ კონკრეტული ფიზიკური მონაცემისთვის. უბრალოდ, სხვადასხვა სხეულის ტიპები ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ვინმესთან შედარებით მეტ გარჯა მოგვიწიოს. სულ ესაა. ^^

მგონი, უკვე ყველა მივხვდით, რომ მითია, როცა ამბობენ, რომ თითქოსდა ქალებს არ აქვს იგივე პოტენციალი, როგორც მამაკაცებს. ისიც ფაქტია, რომ დაკუნთულ გოგონებს თითქმის ვერ ვხედავთ ჩვენ ირგვლივ. ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მიზეზი სქესში არ უნდა ვეძიოთ, რადგან აქ ვერაფერს ვიპოვით ხელჩასაჭიდს. მაგრამ საზოგადოებრივ-კულტრულ ნორმებსა და ჩარჩოებზე რას იტყვით, რომლის მიხედვითაც რომლის მიხედვითაც ქალს დიდი კუნთები არ შეშვენის?

1