ბლოგი

ლაშქრობა

სანამ ჯერ კიდევ ზაფხულია და ლაშქრობისთვის იდეალური ამინდები დგას, შეგიძლია კარადაში გამოზამთრებულ ზურგჩანთას ხელი დაავლო, ბარგი ჩაალაგო და ფეხით მოიარო საქართველოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული. ^^  მანამდე კი, იმ მნიშვნელოვან მიზეზებზე გესაუბროთ რამაც, წესით, მართლა აქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს.

 

ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ლაშქრობა ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის ნამდვილი მისწრებაა, უკეთ ყოფნის იდეალური საშუალებაო და ა.შ.

უფრო კონკრეტულად კი, რეგულარული ლაშქრობისას:

 

სხეული ტონუსშია, უფრო სპორტული და აქტიური ხარ

მხოლოდ ერთი საათით ლაშქრობაც კი, საშუალოდ, 500 კალორიას გვაკლებს(მეტწილად დამოკიდებულია ბილიკის დახრილობაზე, სიგრძესა და ზურგჩანთის წონაზე.),გული რიტმულად და სრული დატვირთვით მუშაობს,  სხეული კი უკეთეს ფორმაშია, რადგან მკვეთრი დახრილობის აღმართების ავლა და კლდეებზე ცოცვა იოლო საქმე ნამდვილად არ არის.

ასევე, სალაშქრო ბილიკები გაცილებით უფრო რბილი და მოსახერხებელია, ვიდრე ასფალტის ან ბეტონის საფარზე სირბილი. ამ დროს ჩვენს მუხლებსა და ტერფებს ნაკლები ძალისხმევის გაწევა უწევს და შემდგომ ტკივილებსაც თავიდან იცილებ.

 

აქვე გეტყვით, სიცრუეა, რომ თითქოს ლაშქრობას მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილი მოჰყავს ფორმაში:  ფეხები, კიდურები. ვინაიდან ზურგჩანთის ტარება გვიწევს, ეს ყველაფერი ერთგვარი გამოწვევა და გამძლეობის ტესტია სხეულის ზედა ნაწილისთვისაც. ასე, რომ გვინდა თუ არ გვინდა, სხეულის ზედა ნაწილი ისეთივე ტონუსშია, როგორც ქვედა. ^^

 

პასუხისმგებლოს გრძნობა გეზრდება

ლაშქრობისას მთლიანი კურსის ხელმძღვანელი და შემოქმედი თავად ხარ: შენ წყვეტ მინიმალური დახრილობის ბილიკი აირჩიო, ოდნავ ციცაბო აღმართს შეეჭიდო თუ პირდაპირ მთის მწვერვალისკენ აიღო გეზი. შენვე განაგებ მოძრაობის ტემპსა და გადაადგილების მანძილს, განსაზღვრავ სამოძრაო მარშრუტს და ირჩევ ხელსაყრელ გზებს. შენზეა დამოკიდებული შუადღეზე გახვალ გარეთ, მთლიან შაბათ-კვირის გატარებ მთაში თუ შორეულ მანძილზე რამდენიმე დღიან მოგზაურობას ამჯობინენ. არავის მოსმენა არ გიწევს, ყურში გამუდმებით არავინ ჩაგძახის, რომ რაღაც ისე ვერ არის, რაღაცას ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა და ა.შ.

 

 

დიაბეტის კონტროლი და პრევენცია.

სისტემატიური ლაშქრობა გეხმარება აკონტროლო და უფრო მეტიც, დიაბეტის პრევენცია მოახდინო, ყოველგვარი ინსულინისა და სხვა საშუალებების გარეშე, სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირების ხარჯზე, რადგან ლაშქრობა ავარჯიშებს კუნთებს, რომელიც გლუკოზას ენერგიის წყაროდ გარდაქმნის და  სისხლში შაქრის რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

 

მცირდება არტერიული წნევა და ქოლესტერინის რაოდენობა

რეგულარულად სალაშქრო მარშრუტებზე სიარული ამცირებს სისხლზე ზეწოლას და ქოლესტერინის რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში, რაც თავის მხრივ, გვიცავს გულის დაავადებებისგან და ინფარქტისგან.

აქვე გეტყვი, რომ დაბლობზე სიარული ლაშქრობისას ორჯერ უფრო ეფექტურია სისხლში შაქრის რაოდენობის შესამცირებლად.

 

მარტივად გამოდიხარ მდგომარეობიდან

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირი ლაშქრობა ბევრად უფრო სცილდება მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა ფორმაში ყოფნას, მეტიც შეუძლია, ის ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, რომ მარტივად გამოვიდნენ მდგომარეობიდან, რადგან დიდ მანძილზე სალაშქროდ წასვლა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ანტიოქსიოდანტების მოცულობას, ამ უკანასკნელით მდიდარ ხალხს კი კიბოს განვითარების დაბალი რისკი აქვთ.

 

უფრო სოციალური ხდები

თუ მარტო ხეტიალის მოყვარული არ ხარ, მაშინ ლაშქრობა საუკეთესო საშუალებაა, რომ მეგობართა სიას ახალ-ახალი ადამიანების სახელები და გვარები შეჰმატო, რადგან ყოველ უიქენდზე გიწევს ადამიანების კონკრეტულ, ერთსა და იმავე,  ჯგუფთან შეხვედრა. ხოლო თუ დიდ მანძილზე და რთულ მარშრუტზე წასვლას აპირებთ, ეს ყველაფერი წინასწარ მომზადებას, შეხვედრებს, გზის კარგად შესწავლას, როლების გადანაწილებას, რუკების მომზადებას და სხვა ათას წვრილმანს მოითხოვს, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, სხვა ადამიანებთან ერთად უმკლავდები. ასევე მეგობართა ახალი წრე უშრეტ მოტივაციის წყაროდ გვევლინება, რომ ეს კონკრტული აქტივობა ცხოვრების წესად გვექცეს და მხოლოდ ორი-სამჯერ გასვლით არ შემოვიფარგლოთ.

 

უფრო კრეატიული ხარ

სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კვლევების მიხედვით, გარე აქტივობებზე დათმობილი დრო პირდაპირ ჩვენი ყურადღების უნარებსა და კრეატიულობის გაუმჯობესებაში ითარგმნება. გაცილებით უფრო მრავალფეროვნები და საინტერესოები ვართ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც თავს გვახვევია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი სხეული ბუნებაში სიარულისას გაცილებით უფრო დიდ შემოქმედებით წვაშია, უფრო მეტი კრეატიულობის ზღვაში ეშვება, ვიდრე სკამზე და ოთხ კედელში გამომწყვდევის დროს.

 

ბუნებასთან ჰარმონია

გარეთ, ბუნებასა და მწვანე სივრცეში ყოფნა, ყოველდღიური წვრილმანებისა თუ ქაოსისგან შორს, ტექნოლოგიებისგან დროებით მოწყვეტილს, საკუთარი თავის შეცნობისა და მოსმენისთვის გაცილებით უფრო მეტი დრო გვრჩება, რასაც საბოლოო ჯამში მშვიდი დღეები, უკეთ ყოფნის განწყობა და ბედნიერება მოაქვს.

 

ასე, რომ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თუ ვინმე გკითხავს - სალაშქროდ ხომ არ წავიდეთ? -  ავტორს მეგობრულად შეგიძლია ხელი გადახვიო და იდეა აიტაცო, რადგან ის, ყველაფერთან ერთად, შენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. ^_^

 

სალაშაქროდ წასვლამდე კი 3 რჩევა ჩვენგან:

 იპოვე მეგზური და არ დაივიწყო რუკა

ვინმესთან ერთად სიარული ნადვილად დიდებული რამ არის. ერთი - თავს მარტოსულად არ გრძნობ და მეორე -დაცულობის შეგრძნება გაქვს.  ხოლო, თუ მაინცდამაინც მარტო წასვლას გადაწყვეტ აუცილებლად უთხარი ვინმეს, სად ჩერდები, რა არის შენი დანიშნულების ბოლო წერტილი და ა.შ. რადგან სიფრთხილეს თავი არასდროს არ სტკივა ^^

 

სალაშქრო ფეხსაცმელი

სწორად შეარჩიე ფეხსაცმელი, რომ იყოს კომფორტული, არც გიჭერდეს და არც მეტისმეტად დიდი გქონდეს,  კოჭი კი ფიქსირდებოდეს. დაისვენე მოკლე მანძილების შემდეგ, რომ ფეხზე წყლულები არ გაგიჩნდეს, რადგან სახლიდან ბევრი კილომეტრის მოშორებით ხარ და მხოლოდ ფეხების ძალ-ღონის ხარჯზე გიწევს მოძრაობა.

 

წყალი

არასდროს დაგავიწყდეს, რომ წინასწარ გადაამოწმო ბილიკები და დარწმუნდე, გზად შეძლებ თუ არა წყლის მარაგის შევსებას, თუ ვერა, მაშინ იზრუნე, რომ საკმარისი რაოდენობის წყალი წაიღო, განსაკუთრებით ცხელ და მზიან ამინდებში.

 

ბოლოს კი, ისღა დაგვრჩენია ბედნიერი და თავგადასავლებით სავსე ლაშქრობები გისურვოთ ^^ 

1