ბლოგი

იოგა და შფოთი

      ფსიქიკური დაავადების ნიშნები ყოველთვის ცხადი და თვალსაჩინო როდია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ადამიანები დახელოვნებულები ვართ ხასიათისა და განწყობის ცვლილება ასაკის მატებას მივაწეროთ, ან სახსრების ტკივილს, თუნდაც გულის დაავადებას და ა.შ.  ისიც ფაქტია, რომ პერიოდულად ყველანი ვწუხვართ, ვოხრავთ, შეშინებულები ვართ ან რაიმე მონათესავე გრძნობის გავლენას განვიცდით, მაგრამ მუდმივად შიშის ქვეშ ყოფნა, პანიკური შემოტევები, ხასიათებს შორის ქანქარისებრი მიმოსვლა, უიმედო მდგომარეობა, აპათია, გადაწყვეტილების ვერ მიღება, უძილობა შეიძლება დეპრესიასა და შფოთითი ფუნქციების დარღვევაზე მიგვითითებდეს.

      მაინც, კონკრეტულად, რა არის შფოთი? რა ხდება ჩვენს თავს ამ დროს? ამერიკის კოგნიტური თერაპიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი -ჯენი ტეიზი- ასე განმარტავს შფოთს - მუდმივი წუხილი მომავალსა და გაუგონრად ცუდ ამბებზე, რომლებიც ჯერ საერთოდ არ მომხდარა და, დიდად სავარაუდოა, რომ არც არასდროს მოხდება. როცა შფოთის მდგომარეობაში ვართ „საშიშ“ მომავალზე ვხვდებით ორიენტირებულნი, სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რაც კი ადამიანის კონკრეტულ მომენტებში დარჩენას, დროის აღქმასა და საკუთარი თავის შეცნობას შეუწყობს ხელს აუცილებლად შვებისმომგვრელი გამოდგება ხოლმე. ამისათვის კი, იოგას იშველიებს- „ის ზუსტად ამას აკეთებს, გეხმარება ყური მიუგდო საკუთარ სხეულს, გონება შეიცნო და ზუსტად იქ და იმ დროს აღმოჩნდე, სადაც რეალურად ხარ“.

    ანუ რა ხდება? რასთან გვაქვს საქმე, ან საერთოდ, ისეთი რა ფაქტორებია იოგაში თავმოყრილი, რომლებიც სტრესისა და შფოთის დაძლევაში შეიძლება დაგვეხმაროს? მოდით, შევეცადოთ, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ. იოგა:

-       ხსნის დაძაბულობას და გვეხმარება რელაქსაციაში - როდესაც მუდმივად დაძაბული ვართ და შფოთის მდგომარეობა წამითაც არ გვტოვებს, ამ დროს ჩვენი სხეული გამომშრალ მიწას ემსგავსება, კუნთები მეტისმეტად შებოჭილია და თითქოს მარწუხების ქვეშაა მოქცეული. ეს ყველაფერი კი- ჩვენს გონებაში ნეგატიურ ფიქრებს ასტიმულირებს. რელაქსაციას, განსაკუთებით მიმიკური კუნთების, გონება სრულიად სხვა მიმართულებით მიჰყავს, შფოთისა და სტრესის მიღმა ტოვებს, სხვა კალაპოტში აქცევს და სწორედ იმ უბანზე რეაგირებს, რომელიც მოდუნების საშუალებაში გვეხმარება.

(აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, რომელიც რელაქსაციისთვისაა განკუთვნილი https://yogawithadriene.com/yoga-for-relaxation/)

 

-       უნთქვის დარეგულირება - სუნთქვა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ჩვენს ნერვულ სისტემასთან. როდესაც  შფოთის მდგომარეობაში ვართ, სრულიად გაუცნობიერებლად, ძალიან სწრაფად და არაღრმად ვსუნთქავთ. იოგის დროს კი ყველაფერი პირიქითაა - ღრმა და მშვიდ სუნთქვას ვეძლევით - რაც ჩვენს ნერვულ სისტემას პირდაპირ მალამოსავით ედება და გვიმუშავდება უნარი, რომ ნებისმიერი სახის დისკომფორტსა და დისორიენტაციაზე ავტომატური რეაქცია გვქონდეს. „ სწორი სუნთქვა და ერთ პოზაში გაჩერება მეხმარებოდა, რომ დროის დინება ერთ მომენტში გამეყინა და უბრალოდ იმ კონკტეული წამში მეცხოვრა. საკუთარი თავს, ჩემს სხეულსა და შინაგან მდგომარეობას გარედან, თითქოს უცხოს თვალით, დავკვირვებოდი და კარგად შემესწავლა თუ რა ქაოსი ტრიალებდა ჩემს გონებაში.“ - აცხადებს ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც მკურნალმა ექიმმა გამოსამჯობინებლად იოგა ურჩია. (აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, რომელიც „სწორ“ სუნთქვას გასწავლით https://yogawithadriene.com/sitali-the-cooling-breath/ )

 

-       საკუთარი გონის შეცნობა  და დაფასება - რელაქსაციასთან ერთად, რომელიც იოგას ყველა გაკვეთილზე გარანტირებულია, საკუთარი სხეულისა და გონების შეცნობის პროცესს ვიწყებთ. ვუღრმავდებით და ვსწავლობთ ამჟამინდელ განცდებს, შეგრძნებებს და საკუთარი თავის ღირებულება ერთიორად იწევს ჩვენს თვალში. რადგან, როდესაც ბევრი საქმე გვაქვს, დასტრესილნი ვართ, იმაზე მარტივი არაფერი აღმოჩნდება ხოლმე, რომ შევეშვათ ისეთი რაღაცების კეთებას, რაც ბედნირებასა და სიამოვნებას გვგვრის. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, სწორი კვება, კითხვა, ფილმების ყურება, მოგზაურობა და ა.შ.  ხოლო, როდესაც რაიმე ახალს ვიწყებთ, როგორიც ამ შემთხვევაში იოგაა, ვხვდებით,  რომ საკუთარი თავისა და სხეულის მიყურადება/შეცნობა/განვითარებას მივუბრუნდით, ვხედავთ გზას, რომლითაც აწი უნდა ვიაროთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

-       იოგა გვწვრთნის, რომ მუდმივად მზად ვიყოთ ახალ-ახალი დისკომფორტისა და გამოწვევებისთვისეიძლება ითქვას, იოგა მუშაობს არა იმიტომ, რომ მოძრაობები რელაქსაციის მომგვრელია, არამედ იმიტომ, რომ ის სტრესს გვგვრის.“ ყოველი ახალი მოძრაობა გიბიძგებს შეეგუოა ახალ-ახალ გამოწვევასა და დისკომფორტს, რომლებიც ახალ სწავლებას, ახალი მოძრაობის ათვისებას გარდაუვლად თან ახლავს ხოლმე და მიუხედავად დაძაბულობისა, იცი აუცილებელია მშვიდად და ღრმად ისუნთქო.  არადა, თითქოს ადამიანები ასე ვართ მოწყობილი, რომ ყველაფრისგან უკანმოუხედავად შორს გავიქცეთ, რაც კი ოდნავ მაინც დისკომფორტს გვიქმნის. ხოლო, როცა იოგას, რომელიმე ახალ მოძრაობას ცდი, შეიძლება არ მოგწონდეს, რთული იყოს, გძაბავდეს, მაგრამ ამ დროს ზუსტად იცი, რომ ეს ის დისკომფორტია, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში არც არაფერს აუარესებს და არც არაფერს აკარგებს, საბოლოოდ კი, დისკომფორტისა და გამოწვევების მიმართ უფრო შემწყნარებელსა და მიმტევებელს გხდის.

 

     აქვე, სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ თუ იოგას კურსებს გულდასმით მივყვებით (და როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, ყოველ ორშაბათს ახალ-ახალი სიტყვით არ გამოვალთ საკუთარი თავის წინაშე, რომ მორჩა, ბოლო ორშაბათია, როცა ეს უკანასკნელი დაგვეზარა) სისტემატური ვარჯიშის შედეგად, შევძლებთ ჩვენი რეაქციები ვაკონტოროლოთ და უბრალოდ, უკეთ გავხდეთ. მეტიც, აღმოჩნდა, რომ იოგა გავლენას ახდენს ტვინში გამა ამინო მჟავის რაოდენობაზე(gamma- aminobutyric acid,  or GABA),  რომელიც აბალანსებს ტვინის მდგომარეობას და რომლის დეფიციტიც წარმოიშვება სწორედ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განვალობაში ვიმყოფებით სტრესის, შფოთისა და დეპრესიის მდგომარეობაში. სტრესი კი, თავის მხრივ, მოქმედებს „ტვინის შეგრძნებების“ ნაწილის ლიმფურ სისტემაზე და უხვად იყენებს ისეთ ნეიროტრანსმიტერს, როგორიც ზემოანიშნული გაბაა. შედეგად ტვინი „იბომბება“ მუდმივი შფოთით, რაც დაძაბულობას, სტრესსა და საკუთარი თავის უკონტროლობას იწვევს.  მედიცინის სკოლის კვლევებმა კი აჩვენა, რომ იოგას ინტენსიური კურსი, მოკლე დროშიც კი, საგრძნობლად ზრდის გამა ამინო მჟავის რაოდენობას ჩვენს ტვინში.

     ასე, რომ იოგა გვცდის მხოლოდ ერთი სპეციფიკური კუთხით, ხოლო ცხოვრება გამოწვევებისა და სირთულეების მთელ კასკადს გვთავაზობს.  შფოთის(არამარტო) ნებისმიერი ახალი შემოტევის დროს შეგიძლია იოგას მარტივ ფილოსოფიას მოვუხმოთ და უკვე კარგად ნაცად ტექნიკებს მივმართოთ:  ვისუნთქოთ ღრმად და მშვიდად, მოვადუნოთ სახის კუნთები, თავი და გონება დაძაბულობის მიღმა გავიყვანოთ და აწმყოზე ვფოკუსირდეთ.

1